სასტუმრო

როგორც ჩანს, ბაბუამ ჩემში რაღაც განსაკუთრებული შეამჩნია, როცა ჩაიფიქრა, რომ მესტიაში მისთვის ესოდენ ძვირფასი მამული ჩემთვის გადმოეცა. მაშინ მე ორი თუ სამი წლის ვიქნებოდი. ალბათ, იმ ოცდასამი წლის განმავლობაში, რაც ჩვენ ერთ ოჯახად ვცხოვრობდით, მისთვის იმედი არასდროს გამიცრუებია და ამიტომაც თავისი გადაწყვეტილების შეცვლა არც უფიქრია. მგონი, დრომ დაამტკიცა მისი გადაწყვეტილების სისწორე. დარწმუნებული ვარ, ბაბუა ძალიან ამაყი იქნებოდა, რომ დაენახა, როგორ ვაქციე თითქმის დანგრეული დამხმარე ნაგებობა მომხიბვლელ სასტუმროდ სახელად „ფალიანი“ და, ამავე დროს, მისი საყვარელი შვეიცარიის ერთ-ერთი წამყვან უნივერსიტეტში - École Hôtelière de Lausanne (EHL) - მოვიპოვე ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი, ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის განხრით.

ჩემი ცხოვრების ამ ორივე მონაპოვარს გიძღვნი შენ, ჩემო ძვირფასო ბაბუა! ვიცი, ამდენს ვერ მივაღწევდი შენი მტკიცე ნდობისა და იმედის გარეშე!

უფრო მეტიც, მე ვერასოდეს გავხდებოდი ის ძლიერი ქალი, რომელიც დღეს ვარ, მისაბაძ მაგალითად და შთაგონების წყაროდ რომ არ მყოლოდა ბაბუას ცხოვრებასთან დაკავშირებული კიდევ ერთი ძლიერი და გაუტეხელი პიროვნება - მისი საყვარელი დედა და ჩემი დიდი ბებია, თამარი.

შესანიშნავი ქალი და ოთხი შვილის დედა ახალგაზრდა ასაკში დაქვრივდა. ბედის სიმუხთლესთან ჭიდილში გამოიწრთო. ბრძოლა უწევდა გადარჩენისთვის, შვილების ფეხზე დაყენებისთვის და ქმრისგან მიღებული იმ უძრავი ქონების შესანარჩუნებლად, რომელიც მოგვიანებით ბაბუამ მე მიანდერძა.

სწორედ თამარისგან წამოსული შთაგონების ნაყოფია სასტუმრო „ფალიანი“. საღამოობით აივნიდან გაჰყურებდა ხოლმე გოროზ მთებს, ამაყ კოშკებს, ფიქრობდა დაუნდობელ ბედისწერაზე და დაუამებელ ტკივილს გრძნობდა, რომ გვერდით აღარ ჰყავდა მისი სიცოცხლის სიყვარული.

სასტუმროში "ფალიანი" განსხეულდა ის მომენტი, როცა საღამოხანს მშვენიერი თამარი მესტიის მთავარ ქუჩაზე მაკიაჟით, ლამაზი კაბით, იდაყვებამდე ხელთათმანით, ლამაზი სამაჯურით, მზისგან საჩრდილებელი ქოლგით და ღიმილიანი მზერით მოაბიჯებს სწორედ ისე, როგორც მეგაპოლისების მთავარ ქუჩებზე დადიან თავდაჯარებული და ღირსეული ქალბატონები.

სასტუმრო „ფალიანი“ თამარისებრი მშვენიერების, ძლიერების, წინდახედულობის, მზრუნველობის და სტუმართმოყვარეობის სიმბოლოა. ის სახებაა ამაყი ქალისა, რომელიც იბრძოდა, არ ნებდებოდა და ბრძოლა მოიგო, რადგან ქალები, თუ გადაწყვეტენ, ყოველთვის იმარჯვებენ!

© 2024 სასტუმრო ფალიანი. ყველა უფლება დაცულია. კონფიდენციალურობის პოლიტიკა

24 Nov 24 24 November 2024
27 Nov 2427 November 2024
2